შემოგვიერთდით Facebook-ზე

სტერეოტიპებით შეზავებული პანდემიური სტრესი

ემი უჩინარი შრომა

თუ თქვენ დაწყებითი კლასის მოსწავლის დედა ხართ და ფიქრობთ რომ სახლის საქმეს, სამსახურს, პანდემიით გამოწვეულ სტრესსა და ონლაინ სწავლებას თავს ვეღარ ართმევთ, გადაიღალეთ და თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებით, მაშინ ეს ბლოგი თქვენთვის არის.

ყველაზე რთულად ის დღეები მახსენდება, როდესაც დილას სამი კომპიუტერის ჩართვით ვიწყებდი, პარალელურად იმაზე ვღელავდი ინტერნეტს არ ეღალატა, ან ჩემ მეორე კლასელ შვილს წუწუნი არ დაეწყო დღეს ონლაინ გაკვეთილს არ დავესწრებიო და დასაყოლიებლად აღმზრდელობითი სამუშაოები არ დამჭირვებოდა. უფროსი, რომელიც მეოთხე კლასშია ცოტა უფრო თვითორგანიზებულია, თუმცა მეცადინეობაზე მასაც სჭირდება შეხსენება და მხარდაჭერა, რომ არაფერი ვთქვათ დავალებების ატვირთვა - გადაგზავნაზე, რადგან თავად სოციალური ქსელი არ აქვს, პედაგოგების ნაწილი კი ვაიბერს არ იყენებს. ამას ისიც დაემატა, რომ ძველ სამსახურში პროექტების შემცირებისა და შექმნილი კრიზისის პარალელურად, ახალი სამსახურის ძიება მომიხდა, ასე აღმოვჩნდი დასაქმებული ორ სამსახურში, ჩართული ორი ბავშვის სწავლაში, პარალელურად სხვა უამრავი პასუხისმგებლობითა და საფიქრალით აღჭურვილი, რამაც განაპირობა ის ფაქტი რომ ერთ მშვენიერ დილას უამრავი შფოთვითა და შიშით შეპყრობილი უკვე ნევროლოგის კაბინეტში ვიჯექი.

რადგან ვფიქრობ, რომ თუ ცოტა ყოჩაღი არა, დედებს შორის არც მაინცდამაინც ყველაზე უკანასკნელი ვარ, გადავწყვიტე სხვა ქალებთან გასაუბრება მეცადა, გამერკვია მათაც აწუხებთ თუ არა ის რაც მე ასე რთულად მეჩვენება და დავფიქრებულიყავი რით შეიძლება ამ მდგომარეობის შემსუბუქება, ან იქნებ სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფ ქალებთან გასაუბრებით მცირედი შვება მინდოდა მეგრძნო და ერთგვარი თერაპია გამევლო.

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დედები და პანდემია

მცირე ზომის კვლევა პანდემიით გამოწვეულ დისტანციურ სწავლებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დედების ჩართულობისა და მათი სოციალური როლის ცვლილების შესახებ, საქართველოში ქალთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევამ აჩვენა, რომ ჩემსავით არაერთი ქალი უმკლავდება ან ცდილობს გაუმკლავდეს გაორმაგებულ პასუხისმგებლობას. მართალია პანდემიამდე პერიოდში, როგორც საოჯახო საქმეების გაძღოლის, ასევე ბავშვების აღზრდისა და სწავლის მიმართულებით დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დედებს ოჯახში წამყვანი ადგილი ეკავათ და მათ მიერ გაწეული სამუშაო ბევრად აღემატებოდა მამების ჩართულობას, თუმცა პირისპირ სწავლების პერიოდში დედების უმრავლესობა ნაკლებად იყო ჩართული უშუალოდ სასწავლო პროცესში და მხოლოდ შესრულებული დავალებების კონტროლით ან უცხო ენაში და კლასგარეშე საგნებში შვილის მეცადინეობით შემოიფარგლებოდა;

პანდემიის შემდგომ კი საოჯახო საქმეების კუთხით ქალების დატვირთვა ოჯახში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რიგ შემთხვევაში გაორმაგდა კიდეც; ბავშვების აღზრდასა და სწავლაში ჩართულობის  ტვირთი ძირითადად მოსწავლეთა დედებს დააწვათ და მათ ფაქტობრივად დამხმარე პედაგოგისა და ასისტენტის ფუნქციები შეითავსეს; თავისუფალი დროის არსებობის კუთხით, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დედების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ქალებს ძალიან უჭირდათ საკუთარი თავისთვის თავისუფალი დროის გამონახვა. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის გამარტებით, გართულდა ბავშვების ყოველდღიური რუტინის რეგულირებაც, დამძიმდა მათი ემოციური მდგომარეობა და გაიზარდა ბავშვების მიჯაჭვულობა ელექტორნულ მოწყობილობებზე; პანდემიის პირობებში საჭირო გახდა ტექნიკური აღჭურვილობის დამატებით მომარაგება, სამუშაო სივრცის გადანაწილება, რაც რიგ შემთხვევებში ასევე პრობლემას წარმოადგენდა. ხშირად საერთო სივრცის გაყოფა რამდენიმე მოსწავლის, ან დედის და შვილის მიერ დამატებით დაძაბულობას და სირთულეებს ქმნიდა; დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დედების როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური წევრების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა, შეიზღუდა იმ აქტივობების რაოდენობაც, რითიც ისინი ახერხებდნენ სტრესთან, დატვირთვასთან გამკლავებას (დაიკეტა სალონები, კინო, თეატრი, კაფე-ბარები, შეუძლებელი გახდა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან პირისპირ კონტაქტი), ქალებმა დაკარგეს დამხმარე პერსონალის მხარდაჭერით სარგებლობის შესაძლებლობაც, შესაბამისად, გაიზარდა მათი „აუნაზღაურებელი, ოჯახური შრომა“ და შეიზღუდა განტვირთვის შესაძლებლობები;

 

ორმაგი შრომა და  პოსტ-პანდემიური სტრესი

როგორც აღმოჩნდა, კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფებოდა დიდი ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და სტრესის ქვეშ, რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თუ ისევ  ჩაკეტვა გახდება საჭირო, გაუჭირდება ამ მდგომარეობასთან გამკლავება, მათი ნაწილის განმარტებით, ისინი უკვე საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებიან;

მარტოხელა დედა (დასაქმებული): „კიდევ ერთ ჩაკეტვას მე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვერ გავუძლებ. ჩემთვის აუცილებელია ერთი საათი მაინც მარტო დავრჩე, ამიტომ შევდიოდი ტუალეტში და ვიკეტებოდი, იქ განმარტოების ოთახია. სტრესთან გასამკლავებლად ვერანაირი გზა ვერ ვიპოვე.“

 სამი შვილის დედა (დასაქმებული):  „როგორც დედა მგონია, რომ უფრო ნერვიული გავხდი, მგონი ბავშვებთან მიმართებაში უფრო ნერვების მოთოკვა მიჭირს. ამაზე ფიქრს რომ ავყვე, შეიძლება მართლა გავგიჟდე.“

   ორი შვილის დედა (დასაქმებული): „მე მქონდა ნერვული პრობლემები, ეს მერე პირდაპირ აისახება ფიზიკურ პრობლემებზე, რადგან უუნარო ხდები აბსოლუტურად.  სტრესთან გასამკლავებლად მივმართე ექიმს ნევროლოგს, დამჭირდა მკურნალობა, ანტიდეპრესანტები“

ეს სიტყვები კვლევის ფარგლებში გამოკითხულ დედებს ეკუთვნით და თითოეული მათგანის ძალიან კარგად მესმის. აქვე ერთხელ ტაქსის მძღოლის მიერ მისი ცოლის მისამართით ნათქვამი უკმაყოფილო ფრაზები მახსენდება „ქალის საქმე ხომ უნდა გააკეთოს, ბავშვი ასაუზმოს, სკოლისთვის მოამზადოსო“. არ ვიცი როდის და რა გარემოებებში იქცა თითქმის ყველა საოჯახო  საქმე „ქალის და დიასახლისის საქმედ“, იქნებ ამ ტიპის მამაკაცების დამსახურებით, ან მათი ვინც უფრო დიპლომატიურად იქცევა, მაგრამ საქმეს გასაკეთებლად მაინც ქალს უტოვებს. თუმცა როგორც კვლევამ აჩვენა,  ქალებსაც სჯერათ, რომ  „სახლის საქმე“ მათი გასაკეთებელია და ამ კუთხით დახმარების მოლოდინიც არ აქვთ.

გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლების (განსაკუთრებით დედების) მდგომარეობის შემსუბუქება სახელმწიფოს შეუძლია. სასურველ ზომებს შორის მშობლების მხრიდან დასახელდა ეპიდემიის პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკის გატარება (პირბადეების ტარებისა და დისტანციის მკაცრი კონტროლი, დროული და თანმიმდევრული ვაქცინაციის პროცესი), ასევე ეკომონიკური მხარდაჭერის პროგრამების ხელმისაწვდომობა, საუბარია არა ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე, რაც მონაწილეთა შეხედულებით არ არის შედეგიანი, არამედ მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც უფრო ხანგრძლივ ვადიანი და შორს მიმავალი ეფექტის მქონე იქნება.  ასევე აღინიშნა, რომ  სრული ჩაკეტვისა და იზოლაციის გამოცხადება იმ შემთხვევებში, თუ მშობლები მუშაობენ, ფაქტობრივად გულისხმობს არჩევანის წინაშე მათ დაყენებას,  სამსახურსა და ბავშვების მოვლას შორის. ამავე პრობლემას აწყდებოდნენ მარტოხელა დედები, რომელთა აზრით მათ მდგომარეობაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და შესთავაზოს დამატებითი სერვისი, რათა მათაც მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სკოლებს, კვლევის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სკოლებმა მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვეს თავი დისტანციურ სწავლებას. გარკვეული განსხვავებები შეინიშნებოდა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. საჯარო სკოლებში საგაკვეთილო ბადე უფრო შეზღუდული იყო, კერძო სკოლები კი მშობლებს უფრო სრულყოფილ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობდნენ. რაც შეეხება ტექნიკურ გამოწვევებს, ამ კუთხით პრობლემები, განსაკუთრებით თავდაპირველ ეტაპზე ორივე ტიპის სკოლებში შეინიშნებოდა.

რადგან სამწუხაროდ სწრაფად და ოპერატიულად ვერც საგანმანათლებლო, ვერც ჯანდაცვის და  სხვა ტიპის პოლიტიკის საკითხების შეცვლა ვერ ხერხდება, ისღა დაგვრჩენია ყველა წესი ზედმიწევნით დავიცვათ, ღრმად ჩავისუნთქოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ გადავურჩებით რიგით მესამე „ლოქდაუნს“, რამაც როგორც ჩანს სტერეოტიპებით შეზავებული სტრესის ფონზე ისევ ქალის ზურგზე უნდა გადაიაროს.