შემოგვიერთდით Facebook-ზე

მარიკა ნათაძის სტატია - რა ფაქტორები უბიძგებს პატიმარს გახდეს ციხის სუბკულტურის ნაწილი

დაწესებულებაში მოხვედრისას პატიმრებს უწევთ გამკლავება ფიზიკურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. შეზღუდული გადაადგილება, თავისუფლად მოქმედებისა და პირადი სივრცის თითქმის სრული არ არსებობა, ეჭვები ადამიანებს შორის ურთიერთობებში, საფრთხისა და შიშის მაღალი დონე და სხვა  ფაქტორები უარყოფითად აისახება თავისუფლება შეზღუდული პირის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზეც კი.

მეორე მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებას გააჩნია გარკვეული წესრიგი, სტრუქტურა და რუტინა, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყოველდღიური გადაწყვეტილებები, მაგალითად - ადგომის დრო, კვების რეჟიმი, ადგილი და რაციონი, სატელეფონო ზარები - მიღებულია პატიმრების ნაცვლად, ადმინისტრაციის მიერ. ყველაფერს, რასაც პატიმარი აკეთებს, არეგულირებს დაწესებულება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასეთი ცხოვრება ანადგურებს ადამიანის პირად ავტონომიას და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობას.

გარდა ამისა, პატიმრები ხშირად აცნობიერებენ ვიქტიმიზაციის საფრთხეს, რაც განსაკუთრებით აქტუალურია გადატვირთულ დაწესებულებებში. ზოგიერთი ვიქტიმიზაციის საფრთხეს უმკლავდება მკაცრი რეპუტაციის შექმნით, სწრაფად და ინსტიქტურად რეაგირებს თუნდაც უმნიშვნელო შეურაცხყოფაზე ან უპატივცემულობის მცირე ნიშანზე. სხვა პატიმრები ირჩევენ გადარჩენის აგრესიულ სტრატეგიებს, რომლებიც მოიცავს სხვების პროაქტიულ მსხვერპლად გახდომას.

პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ ადამიანს ყველა ამ ტკივილთან გამკლავების ძალიან ცოტა საშუალება აქვს. მას არ შეუძლია გაქცევა ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, არ შეუძლია თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული ტკივილის აღმოფხვრა, ამიტომ სწავლობს მასთან გამკლავების გზებს. პენიტენციურ სისტემაში მოხვედრილი ადამიანები აყალიბებენ საკუთარ წეს-ჩვეულებებს, რწმენებს, ღირებულებათა სისტემას და ცხოვრების წესს. აი ასე იქმნება ციხის სუბკულტურა. სუბკულტურა ეხმარება დაწესებულებაში მოხვედრილ ადამიანს გადაჭრას პიროვნული უსაფრთხოების პრობლემა, შეამციროს მომავალი იზოლაციის შიში და აღადგინოს პატიმრის საკუთარი თავისადმი პატივისცემა და დამოუკიდებლობა.

ციხის სუბკულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების ასახსნელად, სხვა თეორიებს შორის ერთ-ერთია დეპრივაციის მოდელი (Gresham M. Sykes). ამ მოდელის თანახმად, თავისუფლების აღკვეთისგან გამოწვეული ტკივილი ერთიანდება დეპრივაციის 5 ძირითადი სფეროს (თავისუფლების დაკარგვა, მატერიალური სიკეთეების დაკარგვა, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების შეზღუდვა, ავტონომიის დაკარგვა, პირადი უსაფრთხოების დაკარგვა) ირგვლივ და სწორედ ამ დანაკარგების შესავსებად ვითარდება ციხის სუბკულტურა. ის მეტწილად ასოცირდება ციხეში არსებულ გარემოებებთან ადაპტაციის საშუალებად, რომლის მიზანია თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქება.

როგორც უკვე ითქვა პატიმრებს ძალიან ცოტა არჩევანი აქვთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების დანაკარგთან გასამკლავებლად. მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ ურთიერთთანამშრომლობის სულისკვეთების გარშემო და არ იყვნენ ორიენტირებულები მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე. დეპრივაციის მოდელზე დაყრდნობით, პატიმრების სოციალური სისტემა ფუნქციონირებს და საშუალებას აძლევს მათ მინიმუმამდე დაიყვანონ თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული ტკივილი ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე. მაგალითად, პატიმრების თანამშრომლობა სხვადასხვა მატერიალური სიკეთეების გაცვლის მიზნით ამცირებს მათი ექსპლუატაციის საფრთხეს და მატერიალური დეპრივაცია უფრო მარტივად გადასატანი ხდება.

ამრიგად, ციხის სუბკულტურა პატიმრებისთვის თავისუფლების აღკვეთით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავებისა და მისი დაძლევის ერთ-ერთ გზად შეიძლება განვიხილოთ.

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სისტემის მართვაზე  გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა იმ მრავალფეროვანი ფაქტორების შესახებ, რაც განაპირობებს ციხის სუბკულტურის არსებობას, რათა შეიმუშაონ ხედვა, სტრატეგია და პროგრამები, რომ პატიმარისთვის სუბკულტურის წევრობა აუცილებლობა კი არ იყოს, არამედ არჩევანი.