შემოგვიერთდით Facebook-ზე

ტატო ქელბაქიანის სტატია - არჩევნები, კრიმინალი და საბჭოთა სისტემა

ყოველთვის, როდესაც „კანონიერი ქურდების“  წარმოშობის ისტორიაზე ვიწყებთ საუბარს,  უმეტესობას გვახსენდება ფრაზა -  „ეს ფენომენი სტალინის შექმნილია“. რასაკვირველია ეს სიმართლეა, იმ მცირედი გამონაკლისით, რომ მაშინდელ რეპრესიულ სისტემას ეს წესები კი არ შეუქმნია, არამედ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ეფექტიანად გამოიყენა.

რა იყო ამ ჯგუფისთვის ძალაუფლების გადაცემის მთავარი მიზანი? ძირითადად ეს იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნისას, განსაკუთრებით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში („გულაგებში“) ამ ჯგუფების კონტროლი და მათი მონურ შრომაში ჩართვა. კრიმინალური ჯგუფები პირდაპირ იყვნენ ჩაწერილნი საბჭოთა სისტემაში და რეპრესიული სისტემის ზემოქმედების უმნიშვნელოვანეს იარაღს წარმოადგენდნენ. დროთა განმავლობაში მათი გავლენა ციხის გარეთაც გავრცელდა და პირდაპირ მოხდა მათი შერწყმა სახელმწიფო აპარატთან, განსაკუთრებით, კორუფციული გარიგების ნაწილში. სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებასთან ერთად, უფრო მეტად ხდებოდა მათი გავლენის გაზრდა და ისინი უკვე უშუალოდ გვევლინებოდნენ როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე კი -  ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი „კანონიერი ქურდი“ საერთოდ ქვეყნის ერთ-ერთ მმართველადაც მოგვევლინა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა სისტემა არ შეცვლილა და კრიმინალური ჯგუფების ხელისუფლებასთან შერწყმის პროცესი ახალი ენერგიით ამოქმედდა. 90-იან წლებში ქვეყანაში შეიქმნა პოლიტიკურ-კრიმინალური ორგანიზაციები („საძმოები“) და განხორციელდა სახელმწიფო სტრუქტურების სრული დეგრადაცია კრიმინალური ჯგუფების გაძლიერების ხარჯზე. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მათი ფუნქციები რეალურად არ შეცვლილა, ისინი ისევ ინარჩუნებდნენ გავლენას როგორც ციხეში, ასევე ციხის გარეთაც. უკვე ამ ეტაპიდან დაიწყო მათი აქტიური გამოყენება საარჩევნო პროცესში, რის სანაცვლოდაც ცხადია კრიმინალური დაჯგუფებები იღებდნენ შესაბამის სარგებელს. ისეთი შემთხვევებიც კი ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ფარულად ხვდებოდა „კანონიერ ქურდებს“ და ეს ჯგუფები ცდილობდნენ თავიანთი კანდიდატების გაყვანას პარლამენტში. ფაქტობრივად ისევ ძალაში იყო ამ კუთხით არსებული საბჭოთა სისტემა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლამ აქტიური სახე მიიღო. შემცირდა „კანონიერი ქურდების“ გავლენა ქვეყანაში, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ფინანსური შემოსავლები, „ქურდული სამყაროს“ წევრობა კანონმდებლობის შედეგად დასჯადი გახდა და დაიწყო ქვეყნიდან მათი მასიური მიგრაცია. თუმცა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ზოგიერთმა მეთოდმა, მათ რეანიმირების შანსი დაუტოვა, ეს ყველაფერი მათ ეფექტურად გამოიყენეს და ხელისუფლების ცვლილებების პროცესში, მათ შორის არჩევნებში აქტიური ჩართულობით, შეძლეს გავლენების მნიშვნელოვნად აღდგენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, იმ ხელისუფლებამაც ვერ გაუძლო ცდუნებას, კრიმინალური ჯგუფები არჩევნებში გამოეყენებინა.

2013 წლის შემდგომ, ჩვენ თვალს ვადევნებდით კრიმინალური ჯგუფების გავლენის ზრდას, როგორც პენიტენციურ სისტემის შიგნით, ასევე მის გარეთაც. პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით თვალში საცემი იყო მათი თანამშრომლობა ოფიციალურ თანამდებობის პირებთან პენიტენციური სისტემის ფარგლებში. ციხის ადმინისტრაციამ, საბჭოთა „საუკეთესო ტრადიციების“ შესაბამისად, ისევ დაიწყო ამ ჯგუფების გამოყენება დაწესებულების მართვის პროცესში, პატიმრებზე ზეწოლის და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. სანაცვლოდ, ე.წ. „მაყურებლები“ იღებდნენ სერიოზურ სარგებელს და პრივილეგიებს ადმინისტრაციის მხრიდან. გამოჩნდა იმის აშკარა ნიშნებიც, რომ ადმინისტრაცია კორუფციულ გარიგებაში შევიდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

2020 წელს, „ღია საზოგადოების ფონდის“ და ევროკავშირის დაფინანსებით, განხორციელდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენის შეფასება პენიტენციური სისტემის მართვაზე. ამ კვლევამ აჩვენა ყველა ზემოთ აღნიშნული გამოწვევა. მითითებულ კვლევაში ერთ-ერთ ყოფილი პატიმარი ამბობს - „ადმინისტრაცია უწყობს ხელს რომელიმეს დაწინაურებას მაყურებლად, ადმინისტრაციას აწყობს სიწყნარე რომ იყოს და რომელსაც მეტი ავტორიტეტი აქვს უწყობენ ხელს“. ხოლო ერთ-ერთმა თანამშრომელმა საერთოდ ისაუბრა იმ საკითხზე, თუ რა სახის გავლენა მოიპოვა კონკრეტულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, იმ მიზნით რომ გარკვეული დანაშაულებრივი ფაქტები არ გახმაურებულიყო -ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი იბარებდა მინისტრს, დეპარტამენტის უფროსს, ესენი ყველა მოცუხცუხდებოდნენ, კი არ მოდიოდნენ არამედ თითის წვერებზე მოდიოდნენ,  რომ ეს საქმე შიგნით მოგვარებულიყო და „მაყურებლების“ ესეთი ხელდაფარების და ამ კაცის წამების საკითხი სადმე არ წასულიყო.“

გარდა ამისა, კვლევის რესპონდენტმა პატიმარმა იმაზეც კი ისაუბრა, რომ ადმინისტრაცია პატიმრებზე ძალადობის ფაქტებს გულგრილად ადევნებდა თვალს - „ორჯერ შევსწრებივარ ასეთ შემთხვევას. კი ადმინისტრაციის წარმომადგენლები გარედან იდგნენ, უყურებდნენ და როდესაც ძალიან გადაამეტეს და უკვე შეიძლება მოეკლათ ის ადამიანი ჩაერივნენ და გაიყვანეს სხვა კორპუსზე“. ცალკე, ასევე გამოიკვეთა პატიმრებზე ეკონომიკური ძალადობის ძალიან საგანგაშო შემთხვევები, რომელზეც ასევე ყოფილი პატიმარი საუბრობდა - „ეს არის 2017 წლის დასაწყისი, „სატასაოში“ ამ ეტაპზე იყო შეგროვებული სამი ათასი 5 ლარიანი ბარათი, რატომღაც  #17, #16, #8 დაწესებულებებს შორის, მხოლოდ #17 დაწესებულებაში ისევ გაწყდა ახალი სისტემა (კავშირგაბმულობის) და ისევ აამუშავეს ძველი სისტემა კარტებით და ყველა 3000 ბარათი გაიყიდა, როგორც ზევით აღვნიშნე გათეთრების მექანიზმით, ჩარიცხვებით აჭარა ბეთზე. ანუ, 2 თვით გაითიშა ახალი სისტემა და ისევ ძველ ბარათებზე გადავედით და ამოიყიდა „სატასაოდან“ ეს 5 ლარიანი ბარათები“.

ყველა ეს შემთხვევა, რომელზეც კვლევაშია საუბარი, აჩვენებს რომ ეს მანკიერი პროცესები, არამარტო პენიტენციურ სისტემაში, არამედ მის გარეთაც აქტიურად მიმდინარეობს. ვინაიდან, შეუძლებელია ასეთი სახის პროცესები ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში იზოლირებულად მიმდინარეობდეს. ეს პრობლემები კიდევ უფრო აქტიურად გამოიკვეთა სულ რამდენიმე დღის წინ გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა ხელისუფლებამ კრიმინალური ჯგუფები, სავარაუდოდ ქვეყნის გარეთ მიგრირებული „კანონიერი ქურდების“ და აქ არსებული კრიმინალური ავტორიტეტების მითითებით, აქტიურად გამოიყენა საარჩევნო პროცესზე კონტროლისა და ამომრჩეველთა დაშინების მიზნით. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ეს ჯგუფები პირდაპირ ახდენდნენ ამომრჩეველთა ნების კონტროლს, ამომრჩეველთან და ჟურნალისტებთან ფიზიკურ ანგარიშწორებას. იყო ფაქტები, როცა საარჩევნო უბნებზე იარაღის გამოყენებით მოქალაქეთა დაშინებასაც არ ერიდებოდნენ. ზემოქმედების ის აშკარა, შეუფარავი და შეიძლება ითქვას დემონსტრაციული ხასიათი, რასაც ადგილი ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატების სასარგებლოდ, კიდევ ერთხელ მოწმობს კავშირს კრიმინალური სამყაროს წევრებსა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის.

არც პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების საარჩევნო პროცესზე გავლენა ყოფილა გამონაკლისი. ამ ზეგავლენებზე მეტყველებს ის ინციდენტიც, როდესაც საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისას მაყურებლებმა გაბედეს ადმინისტრაციის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიეყენებინათ ეროვნული პრევენციული მექანიზმის წევრებისთვის და ამას ადმინისტრაციის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, უწყებამ ოფიციალურ გვერდზე პატიმრების საქციელს „საყვედური“ დაარქვა და ფაქტობრივად ამით წაახალისა ძალადობა ამ ჯგუფის წევრების მიმართ.

სამწუხაროდ, ხელისუფლება დღეს ისევ აქტიურად იყენებს საბჭოთა სისტემის ფარგლებში ჩამოყალიბებულ მექანიზმებს და პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით თანამშრომლობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან. ამ კუთხით, სხვადასხვა მეთოდების დახვეწის გარდა, არსებითად არაფერი არ შეცვლილა. საბჭოთა აზროვნება დარჩა როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, ასევე საზოგადოების საკმაოდ ფართო წრეებშიც. მართალია დამოუკიდებლობა  მოვიპოვეთ, მაგრამ თავისუფლებადე ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ.