შემოგვიერთდით Facebook-ზე

ტატო ქელბაქიანის ბლოგი თემაზე - კრიმინალური სუბკულტურა, ბარიერი პატიმრების რეაბილიტაციისთვის

საერთაშორისო საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ სასჯელის უმთავრესი მიზანი დამნაშავის დასჯა არ არის, არამედ იმაზე ზრუნვა, რომ მოვახერხოთ დამნაშავის რესოციალიზაცია და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში მის ინტეგრაციას. როგორც გაეროს, ასევე ევროსაბჭოს სტანდარტები პირდაპირ უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციაზე. ასევე ეროვნული კანონმდებლობაც გვეუბნება, რომ სასჯელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სხვა მიზნებთან ერთად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება) არის დამნაშავის რესოციალიზაცია.

არ ვიცი, რამდენად არის ეს გააზრებული ქართულ საზოგადოებაში,  ალბათ ნაკლებად, თუმცა მხოლოდ ლოგიკასაც რომ მივყვეთ, რთული არ უნდა იყოს იმის გაგება, რომ ყოფილი დამნაშავის რესოციალიზაციით და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით, ისევ საზოგადოება რჩება მოგებული.

დამნაშავის რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პენიტენციურ სისტემაში. ზოგადად, თავისუფლების აღკვეთა სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმაა და მას, როგორ წესი, უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყენებდნენ. გარდა ამისა, აღსასრულებლად ეს სასჯელი, სხვა სასჯელებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს ყველაზე ძვირი უჯდება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატიმარი სახელმწიფოს სრული ზრუნვისა და კონტროლის ქვეშ იმყოფება და სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდოს მას ყველა საჭირო მომსახურეობა - კვება, სამედიცინო სერვისი და ა.შ. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, რომ პირის ციხეში მოთავსების მიზანი მხოლოდ მისი იზოლაცია არ უნდა იყოს. ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებას უბრუნდება და იმაზე ცოტა უკეთესი მაინც უნდა დაბრუნდეს, ვიდრე ციხეში შესვლამდე იყო.

ბევრჯერ მქონია საუბარი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ქართულ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და გულახდილად, რომ ვთქვა იშვიათად მინახავს ადამიანები, ვისაც კარგად ესმის თუ რა პროცესები მიმდინარეობს სისტემის შიგნით და რა გამოწვევების წინაშე დგას სისტემა. ხშირ შემთხვევაში, ეს არ ესმით მათ შორის იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ეს პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ევალებათ. 7 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის 6 წელი მენეჯერულ პოზიციაზე და მხოლოდ 1 წელი უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში. უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ციხეში მუშაობით, ღამეების იქ გათენებით, შევძელი იმის რეალურად გააზრება, რა გამოწვევები იჩენს თავს ციხის მართვის პროცესში.

პატიმართა რეაბილიტაციის ეფექტურად ორგანიზებისთვის, პენიტენციური სისტემის წინაშე დგას სხვადასხვა სახის გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, პერსონალის სიმცირესთან და დაბალ კვალიფიკაციასთან, ასევე სერვისების სიმცირესთან. თუმცა, ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ციხის შიგნით არსებული კრიმინალური სუბკულტურა. ეს პრობლემა, განსაკუთრებით იჩენს თავს დიდი ზომის დაწესებულებებში, სადაც ადმინისტრაციას უჭირს არსებული პროცესების მართვა ზემოთ აღნიშნული პრობლემების გამო.

კრიმინალური სუბკულტურა, რომელიც ქართული ციხეებში გვხდება, ცხადია არ არის ახალი ფენომენი. ეს არის, საბჭოთა სისტემის ფარგლებში ჩამოყალიბებული ფსევდო-ღირებულებები, რომელიც ფესვგადგმულია არამარტო პენიტენციურ სისტემაში, არამედ საზოგადოებაშიც. ციხის სისტემაში, ამ სუბკულტურის ჩამოყალიბებამ გავლენა მოახდინა ინსტიტუციური კულტურის ჩამოყალიბებაზეც, რომელიც დღესაც არსებობს და გავლენას ახდენს სისტემის ფუნქციონირებაზე. სამწუხაროა, მაგრამ ასეა, რომ ციხის მენეჯმენტი, განსაკუთრებით დიდი ზომის დაწესებულებებში შერწყმულია კრიმინალურ სუბკულტურასთან და მის მართვას, მათთან ერთად და მათი მეშვეობით ახორციელებს კრიმინალური სუბკულტურაში არსებული წესების გამოყენებით. სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა ამ ჩაკეტილი მრუდე წრის გარღვევა.

პატიმართა რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზებისთვის, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე მათი საჭიროებების შეფასება, ხოლო ამ შეფასების საფუძველზე, მათი ჩართვა საგანმანათლებლო-სარებილიტაციო-დასაქმების პროგრამებში. ალბათ ბევრმა იცის, რომ კრიმინალურ სუბკულტურაში არსებული წესების თანახმად, ე.წ „ქურდული გაგებით“, შრომა და განათლების მიღება მიუღებლად ითვლება. ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც კრიმინალურ სუბკულტურასთან დაკავშირებული გავლენები დიდია, პატიმრების სარეაბილიტაციო პროცესში ჩართვა დიდ სირთულებთან არის და იქნება დაკავშირებული. ხოლო, საგანმანათლებლო-სარებილიტაციო-დასაქმების პროგრამებში ჩართვის გარეშე, პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ორგანიზება, უბრალოდ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მძლავრია სუბკულტურის გავლენა ციხეში, მით უფრო წარმოუდგენელი ხდება სარებილიტაციო პროცესის ორგანიზება.

 

პენიტენციურ სისტემაში მომუშავე ადამიანების მხრიდან ხშირად მომისმენია ასეთი რამ - „პატიმრებს შორის ასეთი მენტალიტეტია და არ ერთვებიან პროგრამებში“. აქ უნდა დაისვას მთავარი კითხვა - სუბკულტურასთან მიკუთვნებულობა ყველა პატიმრის თავისუფალია არჩევანია? თუ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ? უმეტეს შემთხვევაში, ეს არ არის პატიმრების უმრავლესობის არჩევანი. როდესაც, სახელმწიფო ვერ ქმნის ციხეებში კრიმინალური სუბკულტურისგან თავისუფალ გარემოს და უფრო მეტიც, ციხის მმართველობა, ზოგ შემთხვევაში, ორგანიზაციულად შერწყმულია კრიმინალურ სუბკულტურასთან, ცხადია პატიმრების დიდი ნაწილი, არ გადადგამს ნაბიჯს, რომ დინების საწინააღმდეგოდ წავიდეს. ციხეში, პატიმრის მთავარი საფიქრალი, უპირველეს ყოვლისა არის მისი პირადი უსაფრთხოება და თუ ეს უზრუნველყოფილია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ელაპარაკო მას, რომ საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროგრამებში ჩაერთოს. ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ყველა პატიმრის უსაფრთხოება და მისცეს მათ არჩევანის შესაძლებლობა ჩაერთონ სარეაბილიტაციო პროგრამებში.

 

ასეთი სახის პრობლემები, ცხადია არ არის დამახასიათებელი ყველა პენიტენციური დაწესებულებისთვის. გარკვეულწილად, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რაც არის კიდეც ასახული სახალხო დამცველის და წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის ანგარიშებში. მაგალითად, არასრულწლოვანთა N11, ქალთა N5 და რუსთავის N16 დაწესებულებებთან მიმართებაში. თუმცა ამ დაწესებულებებში პატიმართა საერთო რაოდენობის 5%-იც კი არ არის განთავსებული. ამ კუთხით განსაკუთრებული პრობლემები ახასიათებს დიდი ზომის პენიტენციურ დაწესებულებებს (მაგ. რუსთავის N17, გეგუთის N14, ქსნის N15), სადაც პატიმართა უმეტესობა იხდის სასჯელს. სამწუხაროდ, ამ დაწესებულებებში  სრული დისბალანსია პატიმართა და თანამშრომელთა რაოდენობას შორის. ასევე პრობლემებია ინფრასტრუქტურასთან და სერვისების სიმცირესთან დაკავშირებით.


მე კარგად მესმის, რომ არის ობიექტური სირთულეები საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროცესის ორგანიზებისას და არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში შეიძლება გადაწყდეს. თუმცა, არანაირი ახსნა არ აქვს იმ პრობლემებს, რაც გამოიკვეთა სახალხო დამცველის და წამების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშში. დოკუმენტში საუბარია, რომ ერთ-ერთ დაწესებულებაში, პატიმრების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც დაწესებულების მართვაზე დიდი გავლენა აქვს, იმყოფება სხვა პატიმრებისგან  განსხვავებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში. მაგალითად მათ საკანში აქვთ, დიდი პლაზმური ტელევიზორი, აკვარიუმი, რბილი ავეჯი, სურათები კედლებზე და ა.შ. ეს ცხადია ვერანაირად გამართლდება სისტემაში არსებული სხვა გამოწვევებით. ეს არის აშკარა ნიშანი ან დაწესებულების ადმინისტრაციის სრული უსუსურობის ან შეგნებული მავნებლობისა. სხვა ახსნა ამას, შეუძლებელია მოუძებნო. პატიმართა მიმართ უთანასწორო დამოკიდებულება კიდევ უფრო ამძაფრებს სუბკულტურის გავლენას დაწესებულებებში, პატიმრებს უჩენს დაუცველობის განცდას (CPT -ის ანგარიშში საუბარია ასევე პატიმრებს შორის ძალადობის ფაქტზებზეც, რასაც იწვევს სუბკულტურა) და ბუნებრივია ახდენს გავლენას პატიმრებს მოტივაციაზე ჩაერთონ სარეაბილიტაციო პროგრამებში.

შექმენით პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურისგან თავისუფალი გარემო და პატიმართა უმრავლესობა ჩაერთვება საგანმანათლებლო-სარებილიტაციო-დასაქმების პროგრამებში!